ერთხელ ჩემს მეგობარს მისით არფრთოვანებულმა თაყვანისმცემელმა ასეთი რამ უთხრა: „ნატა, შენ ქალი არ ხარ.“ ჩემმა მეგობარმა შეიცხადა, მაგრამ, სანამ გაბრაზებას მოასწრებდა, მამაკაცმა განუმარტა: „შენ პიროვნება ხარ.“ ეს დიალოგი ანეგდოტად დადიოდა სამეგობროში: როგორ ჩამოართვეს კლასიკური განათლებისა და თავბრუდამხვევი კარიერის მქონე ჩვენს ნატალიას ქალობა და სანაცვლოდ პიროვნულობა მიანიჭეს. 

ადამიანი იბადება სხეულით შემოსაზღვრულ დამოუკიდებელ ერთეულად. მისი ცხოვრება, მიუხედავად ბევრი გარეგნული მსგავსებისა, ვერასოდეს გაიმეორებს მეორე ადამიანის ცხოვრებას. ადამიანს, როგორც ერთეულს, აქვს  ნიჭისა და ტალანტის,  ტემპერამენტის, გემოვნების, ხასიათის თვისებების ერთობლიობა, რითაც ის უნიკალურ სამყაროს წარმოადგენს 7 მილიარდი მოარული სამყაროთი დასახლებულ პლანეტაზე. ვისაც გაუმართლებს და ადრეულ ასაკში არ გარდაიცვლება, თვითგადარჩენისათვის ზრუნვის გარდა, მოუწევს საკუთარი თავის შეცნობისა და განვითარებისათვის დროის დათმობა. ეს უკანასკნელი კი ცხოვრების ბოლომდე გარდაუვალი და, ამავდროულად, შემოქმედებითი საქმიანობაა.

პროცესები, რომლებსაც თვითძიება მოიცავს, მრავალფეროვანია: საკუთარი სურვილების ამოცნობა და მათი განსხვავება კულტურის, საზოგადოების მიერ თავს მოხვეული სურვილებისაგან; ამოცნობილი სურვილების ანალიზი და მათი შეძლებისდაგვარი დაკმაყოფილება; ემოციებისა და განწყობების დაფიქსირება; საკუთარი დამოკიდებულებების შესწავლა სხვადასხვა საკითხის ან ადამიანისადმი; საკუთარ თავში ნიჭისა და ტალანტის აღმოჩენა და მათი კულტივირება. ეს პროცესები ადამიანს უადვილებს ცხოვრების ძირითადი კითხვებისათვის პასუხის გაცემას: როგორი ცხოვრებით მინდა, რომ ვიცხოვრო? როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ყოველდღიურობა?  რა არის ჩემი არსებობის მიზანი? ამ კითხვებზე დაფიქრება მოცალეობის ჟამს ფილოსოფიით თავის შექცევა ნამდვილად არ არის. სიბერეში, როცა უამრავი დეტალის შეცვლა შეუძლებელი გახდება, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების გააზრებისას სინანულმა და გულდაწყვეტამ არ დაგვახრჩოს.

თვითშემეცნების პროცესი ჩვენი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  მიზანია. ამ მიზნის მისაღწევად  ადამიანებს გვჭირდება ცხოვრების ჩვენებური სტილითა და ყაიდით ცხოვრება. პიროვნების განვითარების ზემოთხსენებული მოდელი ეყრდნობა რამდენიმე დაშვებას:

  1. ადამიანი ავტონომიური და დამოუკიდებელი არსებაა
  2. არჩევანის თავისუფლება ადამიანის ყველაზე მაღალი ღირებულებაა
  3. ადამიანის არსებობის უმაღლეს მიზანს მისი, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, განვითარება წარმოადგენს
  4. ადამიანი, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იმსახურებს ცხოვრებით კმაყოფილებასა და ბედნიერებას

ადამიანების გარკვეულ ჯგუფებს დაბადებიდანვე ეძლევათ პიროვნების ავტონომიური განვითარების  შესაძლებლობა, სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ჯგუფი, რომლის დამოუკიდებელი განვითარება და პიროვნული ზრდის შესაძლებლობები  მთელს მსოფლიოში როგორც მიზანმიმართულად, ასევე გაუცნობიერებლად, შეფერხებულია, არის ქალები.

ქალზე ძალადობის ტიპოლოგია უკიდეგანოა. მაგრამ ერთიანი, ავტონომიური, თავისუფალი პიროვნების განვითარების დათრგუნვა  – ქალის პიროვნების დაქუცმაცება – ყველაზე ტოტალური და დამანგრეველია ძალადობის ფორმებს შორის. 

ტოტალური იმიტომ, რომ ინსტიტუციები (ოჯახი, სკოლა, ეკლესია, მიკრო ჯგუფები, სამსახური, ფართო სოციუმი, მედია) და კულტურული პრაქტიკები (დაწყებული ქართული სუფრიდან და დამთავრებული ქალის საჯიშე საქონლის დანიშნულებამდე დაყვანით) არსებობის ყველა ეტაპზე ქალს მრავალრიცხოვან ბარიერს უწესებს, რომელთა გადალახვის ცალკეული მცდელობები კი არ ათავისუფლებს ამ უკანასკნელს, არამედ, უფრო მეტად ამტკიცებს მის ფრაგმენტულსა და ლოკალურ არსებობას.

პიროვნების დაქუცმაცების გავრცელებულ პრაქტიკას რამდენიმე  მექანიზმი აქვს, მათგან ერთ-ერთი ასე გამოიყურება – ქალის ფუნქციური დანაწევრება და მისი პიროვნების  სოციალურ როლებამდე დაყვანა. 3 წლის ასაკში თუ გოგო თვალწარმტაცია, მისთვის და მისი მშობლებისათვის კომპლიმენტად გაისმის: „ისეთი ლამაზი ხარ, რომ მოგიტაცებენ.“ თუ 12 წლის ასაკში ხაჭაპურის ცხობა იცის, „ ეხლა უკვე მისი გათხოვება შეიძლება“; თუ უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, უკვე თვალების ცეცების დრო დაუდგა, რომ ოჯახის შექმნა და შვილები (ქალის მთავარი დანიშნულება) სწავლა განათლებით გატაცებულს ხელიდან არ გაუსხლტეს.

ქალს ადრეული ბავშვობის ასაკშივე, სააზროვნო ცხოვრების დაწყებით ეტაპზე, მრავალჯერადი გამეორებისა და წახალისება-დასჯის მეთოდებით უნერგავენ, რომ, მისი პიროვნების  ღირებულებას სხვისადმი წარმატებული სამსახური განსაზღვრავს. გოგონა უბრალოდ ლამაზი ვერ იქნება, ის „მოსატაცებლად“ ლამაზია. კარგი კულინარიული მონაცემები თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ გათხოვილმა ის ოჯახის სამზარეულოში არ გამოავლინე. და ბოლოს – უკიდეგანო სამყაროს შეცნობასა და თვალსაწიერის ზრდას, სარეკლამო ბანერივით – მხოლოდ წარმატებული გასხვისების მომენტამდე აქვს ფასი. ქართულ ენაში ნათლად აისახება ის ფუნქციური მრავალფეროვნება, რომლამდეც ქალის პიროვნების მთლიანობა შეიძლება, დააკნინო.  „კარგი გოგო“ აუცილებლად უნდა იყოს ასექსუალი, არა მხოლოდ პრაქტიკით, არამედ ჰაბიტუსითაც. რადგან ასეთები ოჯახს ერთგულობენ და მათი ეროტიკული გატაცებები მამაკაცის თავმოყვარეობას არ ლახავს. „ნაშა“ კარგად ცნობადი კატეგორიაა ქალის, რომლის დანიშნულება მამაკაცის სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება და, ამავდროულად, „საკუთარი ადგილის ცოდნაა.“ „დედა“ ასევე ასექსუალი არსებაა: ზრუნვა-მოვლის ფუნქციები და გამგები, ყოვლის (მამაკაცისა და მისი ოჯახური კლანის მიმართ) მიმტევებელი ბუნება ის ატრიბუტებია, რომლებიც მას სანაქებო, თითით საჩვენებელ ქართველ ქალად წარმოაჩენს. „გაუთხოვარი ქალი“ ნაკლოვანი ადამიანია. ამ უკანასკნელმა ევოლუციური ფუნქცია ვერ შეასრულა, ამიტომ, თავისი არსებობა და-ძმის ოჯახზე მზრუნველობით ან სანათესაოს მოვლა-პატრონობით უნდა გაამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში ის „ბოზია“ და საკუთარ ფინანსურ რესურსს  „ახალგაზრდა საყვარლებს ახარჯავს.“  თუკი გაუთხოვარ ქალს გაუმართლა და „ბოზის“ კატეგორიაში არ მოხვდა, ის, უბრალოდ „თავისი თავის ქალია,“ რომელსაც ერთ დღეს „კლიმაქსი დაემართება დაგაგიჟდება.“

ადამიანის დანიშნულებების მიხედვით დაქუცმაცება  იმდენად გადახლართულია ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მისი, როგორც ჩაგვრის ფორმის ამოცნობაც კი ჭირს მსხვერპლისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ წარმოსახვაში ქალის პიროვნების ალტერნატიული,  მთლიანობითი ფორმით არსებობის დაშვებაზე. ამიტომ, დღეს, ჩვენს ქვეყანაში იშვიათობას წარმოადგენს ქალი, რომელსაც საკუთარი თავისთვის შემდეგი კითხვების დასმის ფუფუნება გააჩნია:

1. როგორი ცხოვრებით მინდა, რომ ვიცხოვრო? 2. როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ყოველდღიურობა?  3. რა არის ჩემი არსებობის მიზანი/მიზნები?

სამივე კითხვას მათი დაბადებისთანავე გასცა პასუხი პატრიარქულმა კულტურამ და პასუხიც ისე ეშმაკურად შეატყრუა, რომ, ქალების  უმეტესობას ეს საკუთარი არჩევანი ჰგონია.საკუთარ თავში მთლიანობის აღმოჩენა და წახალისება არც ერთ ასაკში არის გვიან. თვითკვლევა და თვითგანვითარება ეგზისტენციალური მოგზაურობის სახეებია და ერთხელ მაინც თუ სცადე, სულ მოკლე ხნითაც კი, საკუთარ თავთან ყოფნის ხიბლი და  თავისთავადობის განცდა აღარ მოგასვენებს, სანამ ამ მოგზაურობის „ბოლოში“ არ გახვალ.