ფსიქოლოგთან ოჯახის პრობლემით მოსული ადამიანები უთანხმოების მიზეზად, ყველაზე ხშირად, შემდეგს ასახელებენ:

1. მეუღლის მშობლებისა და და-ძმის მხრიდან წყვილის ურთიერთობაში უხეშ და დესტრუქციულ ჩარევას.

2. სამეგობროს გავლენას პარტნიორზე ოჯახისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას.

3. პარტნიორის „ზედმეტად აქტიურ“ სოციალიზაციას საკუთარ მშობლებთან, და-ძმასთან და სამეგობროსთან, რომელიც ხშირად წყვილის ურთიერთობის ხარჯზე ხდება. 

4. ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით საკუთარ პარტნიორთან ექსკლუზიური მეგობრობის, „განსაკუთრებული ერთიანობის, მთლიანობის“ შეუძლებლობას, რაც საბოლო ჯამში ჯერ წყალს უყენებს, შემდეგ კი ანგრევს ოჯახებს. 

მიუხედავად იმისა, რომ წყვილზე საუბრისას ფსიქოლოგები პირველ რიგში ორი ადამიანის ემოციურ სიახლოვეს, მათ გულწრფელობასა და ურთიერთპატივისცემას უსვამენ ხაზს, კულტურის როლი ოჯახის შექმნასა და ოჯახად ყოფნაში ხშირად გადამწყვეტია. ოჯახის სტრუქტურაცა და მისი დანიშნულებაც კულტურების მიხედვით საკმაოდ განსხვავებული შეიძლება იყოს. დღევანდელ სამყაროში გავრცელებული ოჯახის ტიპებიდან ყველაზე მეტად ორი გვხვდება: ბირთვული ოჯახი და გაფართოებული ოჯახი. 

ბირთვულ ოჯახში წყვილი ერთ ან ერთზე მეტ შვილს ზრდის. მათ საკუთარი ბინა/სახლი აქვთ და სანათესაოსგან ფინანსურად და ფსიქოლოგიურად გამოცალკევებული არიან. ოჯახის ასეთი ტიპი ევროპული ფენომენია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ ფეხმოკიდებული. 

გაფართოებული ოჯახის ყველაზე მიღებული სახეა საქართველოში. კლანური სტრუქტურის მქონე კულტურებისათვის, როგორსაც საქართველოც წარმოადგენს, ოჯახი ყველაზე მტკიცე კლანური ფორმირებაა. ის დროთა განმავლობაში იზრდება, მყარდება და მკაცრად რეგულირებული და იერარქიული ხდება.

მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ: ახალგაზრდა ადამიანის მიერ პარტნიორის არჩევა ერთი შეხედვით ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, თუმცა არა კლანურ ოჯახში. ჩვენთან ყოველი ინდივიდი იმ ოჯახის ნაწილი და წარმომადგენელია, რომელიც მშობლებისა და და-ძმის გარდა, ბიძებს, ნათლიებს, მამიდებს, ბიცოლებს, მათ შვილებს, ბებია-პაპასა და ხშირად ოჯახთან დაახლოებულ სისხლით დაუკავშირებელ ადამიანების ჯგუფსაც მოიცავს. ამიტომ, პარტნიორის არჩევა (თუკი „სერიოზულ განზრახვაზე მიდგა საქმე“) მხოლოდ რომანტიკული ნაბიჯი არ არის, მას პოლიტიკური განზომილებაც აქვს. ეს ადამიანი ადრე თუ გვიან შეიძლება გაფართოებული ოჯახის (კლანის) ნაწილი გახდეს. კლანმა ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა გადაამოწმოს მისი „ვარგისიანობა“ და „შესაბამისობა“ კლანის რეპუტაციასა და უფრო ხშირად – კლანის საჭიროებებთან. 

კლანისთვის მომავალი ოჯახის წევრის თვისებებიდან ბევრი რამ შეიძლება გახლდეთ მიუღებელი: ქალის შემთხვევაში დაწყებული მისი რეპუტაციით და დამთავრებული მისი განათლების დონითა და ეროვნებით. მამაკაცის შემთხვევაში მისი ეროვნება და სარწმუნოება არანაკლებ მნიშვნელოვანია შემოსავლის წყაროსა და დამოუკიდებლად ოჯახის რჩენის პერსპექტივასთან ერთად. მაგრამ, ამ ადამიანებისადმი წაყენებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა მაინც კლანისადმი ლოიალობაა. ამას თავისი პრაგმატული მიზეზი აქვს. 

ავიღოთ ახალგაზრდა ოჯახის ჰიპოთეტური შემთხვევა: მარიამი 24 წლის არის და თავის პარტნიორ ანდროსთან ქორწინებას გეგმავს. ანდროს მშობლებისათვის ეს ფენომენი მხოლოდ შვილის დაქორწინება ვერ იქნება. ის არც მეტი, არც ნაკლები მათი შვილის მიერ „ოჯახში ახალი წევრის შემოყვანაა“. ოჯახის შექმნით ანდრო და მარიამი საკუთარ სიყვარულს „ლოგიკურად“ აგრძელებენ, თუმცა ეს ოჯახი ბოლომდე მათი ვერასოდეს გახდება, რადგან ანდროს თუ „გაფართოებულ ოჯახში შეყავს ცოლი“, მარიამი კარგა ხნის არსებულ სხვის ოჯახში შედის. აქ მარიამს დახვდება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული და გამტკიცებული ოჯახური სტრუქტურა თავისი იერარქიითა და მის თავში მყოფი პატრიარქით, ხანდახან -მატრიარქით. 

მიუხედავად იმისა, რომ მარიამი და ანდრო ცალკე იცხოვრებენ, მათი ბინა ანდროს მშობლების არჩეული, ნაყიდი და მოწყობილია და ხშირად მათ სახელზეც არის გაფორმებული. მარიამი სხვის (და არა ერთობლივად) შეძენილ სივრცეში იწყებს ოჯახურ ცხოვრებას. სიტუაციის გართულების შემთხვევაში ბინა, რომელიც წყვილის საერთო მფლობელობაში არ არის, მანიპულაციის კარგ საშუალებად შეიძლება გამოდგეს კლანის უფროსი წევრებისათვის. 

მართალია, გაფართოებულ ოჯახს ახლად შეუღლებულების კონფლიქტი არ გაუხარდება, საქმე ის არის, რომ წყვილის „ ზედმეტად“ შეხმატკბილებული არსებობა, მათი მონოლითურ გუნდად ჩამოყალიბება კლანის მხრიდან მთლად მისასალმებელიც არ არის. მაგალითად: მარიამმა მოინდომა ოჯახის დანაზოგისთვის საერთო ანგარიშის გახსნა, რათა ანდროსა და მისი შემოსავალი პირწმინდად არ დაიხარჯოს, არამედ დაგროვდეს და ან ოჯახური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდეს, ან მათი შვილების მომავალ განათლებას. ბირთვულ ოჯახში შემოსავლისადმი სწორედ ასეთი მიდგომაა მართებული. ბირთვულ ოჯახს, რომელიც ორი ზრდასრული ადამიანისაგან შედგება, მომავლის საერთო (მეტ-ნაკლებად შეჯერებული) ხედვა გააჩნია და ამ მიზნით განკარგავს შემოსავალს. მარიამმა და ანდრომაც შეიმუშავეს საერთო გეგმა, რომლის განხორციელებისათვის მათ ერთმანეთის მხარდაჭერა და ფინანსების კონტროლი დაჭირდებათ. ბირთვული ოჯახისგან განსხვავებით, გაფართოებული ოჯახის წევრებმა არა მხოლოდ იციან წყვილის შემოსავალი (თუ არ იციან, ყველა გზით ცდილობენ გაგებას) არამედ, წყვილს ავალდებულებენ, რომ კლანის დანარჩენი წევრების კეთილდღეობაზე იზრუნონ.

ანდროს ყავს ძმა, რომელიც არ მუშაობს და აზარტული თამაშებით არის გატაცებული (ძალიან სამწუხარო და გავრცელებული ოჯახური სურათი საქართველოში). ანდროს მშობლები, სანათესაო, სამეგობრო (გაფართოებული ოჯახის წევრები) ავალდებულებენ ძმის რჩენას, მის „მკურნალობას“, ვალების გადახდას და ზოგადად მის „პატრონობას.“ ხშირ შემთხვევაში ძმის გარდა, გაფართოებულ ოჯახში რამდენიმე წევრია, რომელსაც საკუთარ თავზე ფინანსური ან ადმინისტრაციული სახის ზრუნვა არ შეუძლია და ანდრო, როგორც ამ ოჯახის „შემდგარი და წარმატებული“ წარმომადგენელი ვალდებულია პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანების საჭიროებები დააკმაყოფილოს. ეს ადამიანები კი შიძლება იყვნენ: მშობლები, ბებია-პაპა, ბიძა, დეიდა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და რაღა თქმა უნდა, და-ძმა. არ უნდა დაგვავიწყდეს მეგობრები, ეგრეთწოდებული სასტავი, რომელშიც ასევე შეიძლება აღმოჩნდნენ ფინანსური პრობლემების მქონე ან უბრალოდ – ხელმოცარული – ადამიანები და მათი დაპურება-მიხედვაც ანდროს მოვალეობა ხდება. 

ახალგაზრდა ოჯახის გუნდად გადაქცევას ხელს უწყობს წყვილის მიერ ერთმანეთთან გატარებული დრო, საერთო ჰობი, ერთობლივი საქმიანობა, ერთად მოგზაურობა. წყვილი ურთიერთშეთანხმებითა და მოლაპარაკებით უნდა წყვეტდეს ყოველდღიურსა თუ უფრო დიდი მნიშვნელობის პრობლემებს. ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა ორ ადამიანს არა მხოლოდ რომანტიკულ პარტნიორებად, არამედ ერთმანეთის ინტერესების დამცველად და საუკეთესო მეგობრებად აყალიბებს. 

კლანი, რომელიც მიჩვეულია მათი წევრის ყურადღებას, ადვილად ვერ თმობს ან მიზანმიმართულად არ თმობს პოზიციებს. ხშირი ზარი, თავზე უცაბედი დადგომა, საყვედური („ცოლი ვის არ მოუყვანია, რატომ დაგვივიწყე! არავინ აღარ გინდა შენი ცოლის გარდა! ჩვენ გაგზარდეთ!), სახლიდან გამოყვანა, ოჯახურ საქმიანობაში განზრახ ჩართვა ახალდაქორწინებული ადამიანის კლანში დაბრუნების მცდელობებია, მისი პარტნიორისათვის კი ეს გაფრთხილებას წარმოადგენს: რომ ის ვერასოდეს დაიკავებს პირვანდელი ოჯახის, საძმაკაცოს ადგილს, არამედ თავის მოკრძალებულ პოზიციას უნდა დასჯერდეს და კლანს თავადაც შემოუერთდეს; „დიდი ქართული ოჯახის ნაწილი გახდეს“, როგორც ეს სადღეგრძელოში ითქმება. 

ხშირად ახალგაზრდა წყვილიდან ერთ-ერთი პრობლემად საკუთარი მეუღლის მშობლებთან „ზედმეტად დაახლოებულ“ ურთიერთობას ასახელებს. თითქოს მშობელი შვილს ბოლომდე არ უშვებს და უნდა, რომ მისი ცხოვრება თავად აკონტროლოს და თვალთახედვიდან არ გაექცეს. შვილთან სისტემატური კონტაქტი, შეხვედრა, სატელეფონო ზარები, მისი საჭიროების ხაზგასმა უდავოდ სიყვარულის გამოხატვის ფორმებია, მაგრამ – არა მხოლოდ. ზრდასრული შვილის გეოგრაფიული გადაადგილების ცოდნის მოთხოვნილება, მისი გადამოწმება, მისი დავალდებულება, რომ დღეში რამდენჯერმე დაგირეკოს და მოგიკითხოს და ზოგადად, „შენს წინ საკუთარი ოჯახი არ დააყენოს,“ კლანის იერარქიაში შედარებით მაღლა მდგომი ადამიანის მხრიდან კლანის ახალგაზრდა წევრის ფსიქოლოგიური და მატერიალური კონტროლის მექანიზმებია. 

ასეთი მიდგომა ნებსით, თუ უნებლიედ, ახლაგაზრდებს აფერხებს ერთ გუნდად შეკვრასა და დაახლოებაში. მეუღლის მშობლების მხრიდან ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლას წყვილი ურთიერთ-საყვედურით, კამათით, შეურაცხყოფითა და ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის დაკარგვით პასუხობს.

თუკი მარიამისა და ანდროს გუნდი გადაწყვეტს, რომ 1. ზრდასრულმა ადამიანმა საკუთარი თავი თავად უნდა ირჩინოს და არ დაეხმარება ოჯახური კლანის წევრებს და 2. უფროსებისაგან დამოუკიდებლად მიიღებს ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას (როგორიც შეიძლება აღმოჩნდეს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წასვლა ან შვილის ყოლის გადადება 3-4 წლით) ასეთი „ეგოისტური“ მიდგომა ან მარიამს დაბრალდება, რომელიც „ქმარს, როგორც ჩვარს ისე ექცევა,“ ან ანდროს, „რომელსაც ცოლი თავზე აზის.“ 

როგორც არ უნდა გულშემატკივრობდნენ კლანის წევრები ახალგაზრდა წყვილის ერთობას, ფაქტია, რომ კლანის საჭიროებებიდან გამომდინარე, წყვილის მეგობრობა და ურთიერთ-ნდობა, გაფართოებული ოჯახისა და ხშირად საძმაკაცოს კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, წყვილის მშობლებისა და მათი და-ძმისათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელია, თუ ცოლ-ქმარი არ დამეგობრდება და მათი კავშირი ექსკლუზიურად ინტიმური არ გახდება. კლანის სტრუქტურას ყველაზე მეტად ასეთი ბირთვული ფორმირებები აზიანებს. 

მოკლედ თუ შევაჯამებთ, გაფართოებულ ქართულ ოჯახს არ აწყობს ახალგაზრდა წყვილის ერთმანეთისადმი „ზედმეტი ლოიალობა და სიყვარული“. ეს მათთვის ფინანსურად და ფსიქოლოგიურად წამგებიანი მოვლენაა. 

ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეტური მაგალითი მამაკაცის გაფართოებული ოჯახის შესახებ იყო, რადგან უმეტეს შემთხვევაში ქალი თხოვდება, შედის მეუღლის კლანში. თუმცა, სულაც არ არის გამორიცხული ეს სცენარი პირიქითაც განვითარდეს. 

თუ გაფართოებულ ოჯახურ კლანსა და ახალგაზრდა წყვილს შორის ბრძოლის ბედი მალე გადაწყდა: ერთ-ერთმა მხარემ აშკარა უპირატესობით მოიგო და მეორეს შანსიც აღარ დაუტოვა, სიტუაცია სტაბილურდება. თუ ეს მოგებული მხარე კლანია, ახალგაზრდები ჯანყის ალაგ-ალაგ მცდელობით, მაგრამ უმეტეს წილად – დათმობით, გაფართოებული ოჯახის ნაწილი ხდებიან და მშობლების გარდაცვალების შემდეგ კლანში ერთი საფეხურით ზევით იწევენ. ამ სცენარის შემთხვევაში ყველაზე უფრო „მოგებული“ კლანის იერარქიის თავში მდგომი და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ან კლანის უსაქმური, პარაზიტი წევრები არიან. 

თუ კლანური ბრძოლა წყვილის „გამარჯვებით“ (მათი პატარა ოჯახის კლანისაგან გამოყოფით) დამთავრდა, ასეთ წყვილს აქვს გუნდის შექმნის შესაძლებლობა. 

საქართველოს მსგავს ქვეყნებში გაუმართავი სოციალური და ჯანდაცვის სისტემების გამო, ახალგაზრდებს უწევთ ოჯახის წევრებისათვის როგორც ფინანსური, ასევე სოციალური და ადმინისტრაციულ-მენეჯერული დახმარების გაწევა. ერთი ადამიანის მხრიდან მეორეზე ზრუნვაში დასაძრახი არაფერია, თუ ეს პასუხისმგებლობა პათოლოგიურ ფორმებს არ იღებს. როცა ოჯახის ზრდასრული და ჯანმრთელი წევრი წლობით მშობლების, შვილების, და-ძმის ან ნათესავების ხარჯზე ცხოვრობს და თავის გასამართლებლად სამსახურის არ-ქონას იშველიებს, ამ მოვლენას ნორმასთან საერთო არაფერი აქვს. ხშირად ოჯახის პარაზიტ წევრებს კლანის მეთაურები არა მხოლოდ იცავენ, არამედ საკუთარ თავსა და ოჯახის წარმატებულ წევრებს მის დახმარებას ავალდებულებენ. 

შემოსავლისა და არა მხოლოდ ფინანსური, არამედ დროისა და ძალისხმევის, აგრეთვე ემოციური რესურსების კლანის წევრებზე გადანაწილების გამო წყვილი, როგორც ორი ადამიანისგან შედგენილი ავტონომიური ერთეული, სუსტდება და განვითარებას ვერ ახერხებს. კლანის წევრების დაკმაყოფილება ხშირად საკუთარი ოჯახის (ბირთვული ოჯახი იგულისხმება) ხარჯზე ხდება, რაც მას საგრძნობლად აზიანებს ან საერთოდ ძირს უთხრის. 

საქმე ის არის, რომ არც ბირთვული და არც გაფართოებული ოჯახი თავისთავად ადამიანის ბედნიერების გარანტიას არ იძლევა. სოციალური სტრუქტურის გარდა, წყვილის კეთილდღეობასა და მათი ურთიერთობის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს.

თუმცა, ერთი რამ კი ცხადია: იმ ფენომენს, რომელსაც რომანტიკულ ურთიერთობაში მიღწეულ ბედნიერებასა და ჰარმონიას ვარქმევთ, ბირთვულ ოჯახში არსებობის უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე კლანურში; ამ ოჯახების სოციალური დანიშნულებიდან გამომდინარე.