Life Intelligence, ქართულად – ცხოვრების ინტელექტი – წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების მოდალობას; ამ მოდალობაში მყოფი ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს უნიკალური ნიჭსა და ბუნებრივ მიდრეკილებებს, დიალოგში შედის ცნობიერ სამყაროსთან და ხვეწს, როგორც ცხოვრების ფილოსოფიას, ასევე, საკუთარ პიროვნულობასა და პროფესიონალიზმს.

Life Intelligence მოდალობა ცოდნის მოძიების, მასზე რეფლექციისა და მისი გათავისების, აგრეთვე, ცოდნის ცხოვრებაში ინტეგრირების მიზანმიმართული სააზროვნო და ურთიერთობითი პროცესების ერთობლიობაა.

Life Intelligence ცნობიერების მოდალობის ჩამოყალიბება, ჩვენს არაპროგნოზირებად, ცვალებად ეპოქაში, ადამიანის კეთილდღეობის ძირითადი წინაპირობაა. 

21-ე საუკუნე დაბნეული ადამიანების ეპოქაა. თუკი, სულ რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ, შეგვეძლო, ცხოვრების დაგეგმვა იმ იმედით, რომ აწმყოსა და მომავალს მაგისტრალური ხაზი აერთიანებდა, კოვიდმა ეს ილუზია წაგვართვა. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ხვალინდელი კეთილდღეობისთვის დღეს რის თადარიგი უნდა დავიჭიროთ. განათლების, კარიერის და ზოგადად – ცხოვრების – გრძელვადიანი დაგეგმვა კეთილგონიერი საქმიანობიდან მკითხაობად გადაიქცა. 

ჩვენი ცხოვრება პარადოქსული მხოლოდ პანდემიას არ გაუხდია. ინფორმაციის ზღვარგადასული სიჭარბე ისეთივე დამაბნეველია ადამიანისთვის, როგორიც კოვიდის მიერ გამოწვეული ცვლილებები. ყველასა და ყველაფერზე მონაცემებით დაბომბილებს გვიჭირს აუცილებელისა და უვარგისის ერთამანეთისგან გამიჯვნა და რაც მთავარია, გვიჭირს ყურადღების ფოკუსირება ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე. 

ჩვენ გაფანტულ ეპოქაში გაფანტულად ვცხოვრობთ… კი არა და, მივედინებით. 

აქამდე „სწორად“ ცხოვრების შესახებ ცოდნას ადამიანები საკუთარი კულტურიდან ვიღებდით. უფროსების გამოცდილებასა და საზოგადოების ნორმებს ერთმანეთს ვაჯერებდით და ჩვენი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით მეტ-ნაკლებად ასატანი არსებობა გამოგვდიოდა. ცხოვრების ფილოსოფიის ამ კოქტეილს შესაძლებელს პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე და ცხოვრების ძირითადი კომპონენტების დროში მდგრადობა ხდიდა. ამიტომაც ვცხოვრობდით მარტივ ცხოვრებას, სადაც ელემენტარული ჭეშმარიტებები ათეული და ხანდახან – ასეული- წლების განმავლობაშიც კი ყავლს არ კარგავდა. 

ჩვენს ეპოქაში ცვლილებები ისეთი სწრაფი და მასშტაბურია, რომ ის ისტორიულ წყვეტას განაპირობებს. ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის ფონზე, როგორც ჩვენი მოთხოვნები, ასევე, მოლოდინები, კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ჩვენ ჭეშმარიტებას გზადაგზა ვაყალიბებთ, და მუდმივად გარდავქმნით. 

ერთი სიტყვით, ადამიანს ისტორიული საყრდენი დაეკარგა. ცვლილება ჩვენი ერთადერთი კონსტანტაა. ასეთ მოცემულობაში კი ადამიანის კეთილდღეობას მხოლოდდამხოლოდ ცოდნის მუდმივი განახლება ხდის შესაძელებელს. 

ჩვენ ცხოვრების ფილოსოფია ახლად უნდა დავწეროთ და სიახლესთან ადაპტაცია და უშრეტი კრეატიულობა მის მთავარ ელემენტებად მოვიაზროთ. 

ჩვენ საკუთარი ცხოვრების ყოველდღიურ შემოქმედებით წვაში მყოფი ავტორები ვართ. 

Life Intelligence თეორიის  მიხედვით რა განაპირობებს თანამედროვე ადამიანის კეთილდღეობას?

Life Intelligence ადამიანის ცნობიერების მოდალობაა, რომელიც ყალიბდება და მუდმივად მდიდრდება ერთის მხრივ – სამეცნიერო აღმოჩენებზე დაფუძნებული ცოდნით, მეორე მხრივ – ადამიანებისა და საზოგადოებების გამოცდილებით.

Life Intelligence დღევანდელი ადამიანისათვის აუცილებელი ცოდნის ფლობისა და შემეცნების პროცესის 4 ძირითად კატეგორიას მოიაზრებს:

  1. ცოდნა ადამიანის შესახებ; რაც გულისხმობს ადამიანის ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევით თავისებურებებისა და მისი შესაძლებლობების შესახებ სამეცნიერო ცოდნის ფლობას.
  2. ცოდნა საკუთარი თავის შესახებ; რაც გულისხმობს პიროვნული მახასიათებლების, თვისებების, ღირებულებებისა და სურვილების. აგრეთვე კულტურული და ბიოგრაფიული უნიკალობის შესახებ სამეცნიერო და გამოცდილებით შეძენილი ცოდნის ფლობას.
  3. ცოდნა სამყაროს შესახებ. რაც გულისხმობს, სიცოცხლის ფორმების, ევოლუციური გზის, ტექნოლოგიური პროგრესისა და სოციალური პროცესების გარშემო სამეცნიერო ცოდნის ფლობას.
  4. ცხოვრებისთვის აუცილებელი კომპეტენციები. რაც გულისხმობს სააზროვნო და ქცევითი უნარების, აგრეთვე ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებისა და ჩვევების ფლობას.

რას გვთავაზობს Life Intelligence Hub?

თამარ თანდაშვილი და Life Intelligence Hub გთავაზობთ აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ მთლიანობით სააზროვნო სივრცეს, სადაც ადამიანები შევძლებთ Life Intelligence ოთხივე ქვაკუთხედის გარშემო აზროვნებას და მათ ცხოვრებაში დანერგვას.